თეგი: ვადიმ პრისტაიკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

NATO-ში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. „პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.

კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის ელჩის საკამათო განცხადება განმარტა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, კონტექსტიდან ამოღებულია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რა თქმა უნდა, მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, უკრაინა მზადაა, ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შესვლისთვის. ამავე დროს, ელჩმა პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ NATO-ს წევრობის პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციით, მაგრამ უკრაინა ამჟამად არ არის NATO-ს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო ხდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა. ნიკოლენკოს თქმით, ასეთი საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება NATO-ში. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. BBC წერს, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ ზელენსკის სიტყვებს, რომ შეუძლია, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა. კიევს ელჩის გათავუსუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. პრისტაიკოს ცოტა ხნის წინ მოუწია თავისი რეპლიკის ახსნა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „არაჯანსაღი სარკაზმთან“ დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლსმა ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინას, ახალი იარაღის მოთხოვნის ნაცვლად, სამხედრო მხარდაჭერისთვის პარტნიორების მიმართ მეტი მადლიერება გამოეხატა. „ჩვენ შეგვიძლია, ყოველ დილით გავიღვიძოთ და პირადად მადლობა გადავუხადოთ მინისტრს.,“ - განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ. მისი ამ სიტყვების კომენტირებისას პრისტაიკომ ზელენსკის ნათქვამს „არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს განცხადება ყველა დამკვირვებელმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მედიამ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ კრიტიკად აღიქვა და საელჩოს წინააღმდეგობის შემდეგაც კი, Sky News-მა ელჩის კომენტარი არ წაშალა. შემდეგ პრისტაიკომ განმარტა, რომ ის ემიჯნებოდა კრიტიკას, მაგრამ რიტორიკა შეარბილა .„სარკაზმი არ არის საჭირო მეგობარ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ელჩმა. 2022 წლის 20 ოქტომბერს პრისტაიკო იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც თავისი რწმუნებათა სიგელები დიდი ბრიტანეთის ახალ მეფე ჩარლზ III-ს გადასცა. პრისტაიკო 2020 წლის 20 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დიდ ბრიტანეთში ელჩად. მანამდე ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, უფრო ადრე კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა.2017-2019 წლებში კი, NATO-ში  უკრაინის ელჩი იყო.